Aug 5, 2021

ბერძენი სეხნია

კახეთიდან სახლისკენ ვბრუნდებოდი. ახმეტა, საბუე და უკვე წინასწარვე ვტკბებოდი თიანეთამდე გაშლილი ტყის მოლოდინით — ახლა ხომ დღის შუქზე და მზის სითბოში გავდიოდი ამ ერთერთ ყველაზე ლამაზ გზას.












კვეტერას ასახვევიდან მოკლეებით ავუყევი აღმა. თავიდან ცოტა ციცაბო, თანდათან გასწორება და რაიონების საზღვარი მცირე უღელტეხილთან. იქ ერთ ადამიანს მოვკარი თვალი შორი-ახლოდან — ისიც მოტოთი მოგზაურობდა, დატვირთულ „ტრანსალპთან“ იდგა და თურმე მელოდებოდა.

არცთუ ისე ბევრს ჰყავს მოტო საქართველოში, მათგან არცთუ ისე ბევრი მოგზაურობს თუნდაც თავის ქვეყანაში, მით უმეტეს — ასვალტს იქით. ასეთ ადგილებში შემხვედრთაგან დიდი უმრავლესობა უცხოელები არიან ხოლმე, ახლო ან შორი ქვეყნებიდან. ამ ჯერზე ბერძნული ნომერი. 

ინგლისურად მივესალმე და გამოვეცნაურე. ამიხსნა, რომ ჩემს ნალაპარაკევს ვერ გაიგებდა და არც თვითონ შეეძლო დალაპარაკება. განაწყენებული ჩანდა; უღელტეხილთან მოსულს, ქვემოთ დავუნახივარ და რაღაც მნიშვნელოვანის თქმა უნდოდა.

როგორღაც უცებ ავყევი ალტერნატიული საურთიერთო არხების სახელდახელოდ ათვისებაში; გზისპირა ფხვიერი ზედაპირი, მოტოს ნაწილები, რუკა, და, ცხადია, სხეულის ენა ჟესტ-მიმიკებთან ერთად — ოღონდ შინაარსობრივი დატვირთვა მხოლოდ უზოგადესი, ანუ საყოველთაო.

ორივეს ერთი სახელი გვრქმევია. ბერძენი იყო, იქიდან მოდიოდა; თურქეთი, საქართველო, შემდეგ (მგონი აზერბაიჯანიდან) შუააზისკენ  — დიდი ხანი და დიდი გზა. ჩვენი შეხვედრის ადგილიც სწორ წარმოდგენას ქმნიდა მის კარგ გემოვნებაზე — ავტობანებს და დიდ ტრასებს შეძლებისდაგვარად არიდებდა თავს; ბუნებით ტკბობაც და ქვეყნის ნახვაც ასე უკეთ გამოდის.

მაგრამ დღეს ამ ტყით ტკბობა არ გამოუვიდა. წინადღეებში წვიმდა. თიანეთის შემდეგ, როცა ახმეტის გზას დაადგა, სხვა დროს უწყინარი ზედაპირი ახლა ადგილ-ადგილ სრიალა და წებოვან ტალახად ქცეულიყო. დატვირთული მოტო, სანახევროდ ასვალტის საბურავი... 

— სულ ვსრიალებდი და ორჯერ დავვარდიო. ორჯერო! — განაწყენებულმა მაჩვენა მცირედ შეღუნული ძრავის დამცავი და გაბზარული პლასტმასი. არა, სერიოზული არაფერი, მაგრამ ვხვდებოდი, ამხელა მოგზაურობის ასე მოკლე მონაკვეთისთვის ორჯერ დავარდნა მართლა ბევრი უნდა ყოფილიყო. 

უღელტეხილთან გზას უკვე არაუშავდა, უფრო კლდოვან-ღორღიანი მონაკვეთი იწყებოდა. სეხნია სულის მოსათქმელად შეჩერებულა და სწორედ ამ დროს დავუნახივარ ქვემოდან მომავალი. დამინახა და, რა თქმა უნდა, დამელოდა, რომ მერე მთელი თავისი სხეულით გავეფრთხილებინე — აქედან ხო ჩემთვის დაღმართები იყო და ვინ იცის, ეგებ უარესიც მელოდა თავქვე მიმავალს.

ეტყობა, მაინცდამაინც არცერთს არ გვეჩქარებოდა. რაღაც ხანს კიდევ ვისაუბრეთ ჩვენ ჩვენს გზებზე და მოტოებზე. უკან დაბრუნებისას წესით საქართველო აღარ უნდა გამოევლო, მაგრამ მაინც ჩავანიშნინე ჩემი სახლი და ავუხსენი, მერე თუ მერეს მერე, რამის შეკეთება იქნებოდა საჭირო, დასვენება თუ უბრალოდ კიდევ ერთი ადგილის ნახვა, მასთან შეხვედრა კიდევ უფრო გამახარებდა.

კარგი სურვილებით დავემშვიდობეთ ერთმანეთს და გავუდექით გზებს; სეხნია აღმოსავლეთით, ახმეტისკენ, მე — დასავლეთით, ტალახებისკენ.

მაინცდამაინც ტალახისთვის განკუთვნილი არც ჩემი საბურავი იყო და შედარებით მსუბუქი მოტოს მიუხედავად, მოჭიდების დასუსტების მოლოდინით შენელებული და ცოტა დაძაბული ვეშვებოდი. კლდოვანი ზედაპირი აღარაა. თიხნარი, ძველი  ფოთლები, ზოგან სისველე, აგერ „ტრანსალპის“ ნაკვალევიც... 

რაღაც ადგილები გავიარე და უცებ მივხვდი, რომ სანამ ცხოვრების ერთერთ ყველაზე ნელ (და გულითად) საუბარში ვიყავი გართული, ის, რაც აქამდე სრიალა ტალახი იქნებოდა, ამასობაში შუადღის მზეს უკვე თითქმის საბოლოოდ ისევ ხრაშუნა და შრიალა ტყის გზად ექცია. ასეთი გზის ირგვლივ ტყეც უფრო ლამაზდება, ზემოდან კი მზეც ხალისიანად მიბრიალებს ალბათ ერთი-ორ თერმობირთვულ ამოფრქვევას — არაფრისო.

ანისხევი. მომცრო მდინარე ლამაზი სახელით. მერე იორი, მერე არაგვი, მერე სახლი... მას შემდეგ ბევრმა წყალმა და ტალახმა ჩაიარა. სახე ბუნდოვნად, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი ცხადად მახსოვს — ლაპარაკი არ შეეძლო, მაგრამ რამდენი რამე მითხრა; არ ესმოდა, მაგრამ ნამდვილი და ყალბი შეუცდომლად ესმოდა. გზითაც და ფიქრითაც იმ ტყეს და იმ დღეს ხშირად ვუბრუნდები. და უფრო და უფრო ძლიერად ვგრძნობ: როცა ერთმანეთის გაგება გვინდა და გზასაც მზე გვინათებს, რა ადვილია, რომ ადამიანები ერთმანეთის მფარველი ანგელოზებიც ვიყოთ.

Apr 9, 2021

ჩვენი გზები და კედლები

თბილ შემოდგომისპირზე გამოვიარე თრიალეთი, თანდათან ცივ და იდუმალ ჯავახეთს ვუახლოვდებოდი. წალკას გავცდი, სამებაში (ადრე გუნიაკალად წოდებული) შევედი და დაზიანებული დეტალის გამო იძულებითი გაჩერება მომიწია (ჩემს გარდა ვის/რას დავაბრალო?). 

იქვე სამეზობლოდან სვანები მომეშველნენ ყველაფრით, რაც დამჭირდა თუ არ დამჭირდა და საღამოსთვის ყველაფერი მოგვარდა. გზის გაგრძელება კი შემდეგი დღისთვის გადაიდო, მანამდე სადმე შორი-ახლოს უნდა დავრჩენილიყავი.

სოფელში (როგორც საერთოდ ამ არემარეში) ადრე დიდწილად ბერძნები ცხოვრობდნენ. არეული 90-იანი წლების გაჭირვებისას თითქმის ყველა საბერძნეთში ან სხვა ქვეყანაში გადასახლებულა; ზოგი სამუდამოდ, ზოგი — დროებით, რომელიც მუდამ გრძელდება... ამ დროისთვის სოფელში ნაწილი სვანები იყვნენ, ეკო-მიგრანტებად ჩამოსახლებულები, ნაწილი — სომხები და ერთიც ხანშიშესული მურმანი, ალბათ ერთადერთი აზერბაიჯანელი მთელ ამ მხარეში.

სვანებმაც მითხრეს, საცაა დაბნელდება, აქ დარჩიო, და მურმანი გამაცნეს, ღამეს მასთან გაათევო. სანამ ბარგიდან საგზალს ამოვქექავდი, მურმანს გამოელაპარაკნენ, მერე რაღაც ბალახები დაუტოვეს, დაგვემშვიდობნენ და ახლადჩამომდგარ ბინდს შეერივნენ. საძილის ამოძვრენა მურმანმა აღარ მაცალა, წამო, წამო, ყველაფერია ძმაო, ეგ რათ გინდაო და გზის გადაღმა შემიძღვა ეზოში.

ერთსართულიანი სახლის ერთ ოთახში ცხოვრობდა მურმანი. ღუმლით გამთბარი მყუდრო სივრცე ერთდროულად მისაღებიც იყო, სამზარეულოც,  საძინებელიც და საკუჭნაოც. შესასვლელის მოპირდაპირედ — ფანჯარა მასთან მიდგმული მაგიდით და აქეთ-იქიდან ორი რკინის საწოლით, რამდენიმე მომცრო სათავსო, ნაირნაირი ხარახურა, ღუმელი და შეშა, მეორე კუთხეში კი ტელევიზორი მტკაველნახევრიანი ეკრანით. ჩამოვსხედით საწოლებზე და იმპროვიზებულ სადილ-ვახშამს შევუდექით. 

მურმანს ლაღი და ბედნიერი ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი. როცა მუშაობდა, „რეისავიკი“ იყო, უამრავი ქვეყანაც შემოევლო. გუნიაკალაში ბერძენ ცოლთან დასახლდა. ეჰ, ძალიან კარგი ქალი იყოო, მარტო ამერთხელ არ უხსენებია დადარდიანებულს. იმ კარგ დროს არც ცოლის ჯანმრთელობას ემუქრებოდა საფრთხე, არც შვილები იყვნენ ევროპისკენ გადახვეწილები, ქვეყანაც უფრო დალაგებული იყო და არც ცხოვრება ჭირდა.

შემდეგ ტკივილი, მარტოობა და უცებ სანახევროდ დაცარიელებული სოფელი; უცხო მეზობლები — სომხები და შემდეგ სვანები. აზერბაიჯანში დაბრუნება მაინც ზერელე ფიქრად დარჩა, ცოლის სახლს ვერ ელეოდა — მორჩა, დავრჩი. აი, ეგრეა, ძმაო...

ტელევიზორიდან საშუალო ხმით აზერბაიჯანული mtv ისმის. თურმე საერთოდ არ შევუწუხებივარ და კარგახანს ყურადღებაც არ მიმიქცევია. უცებ ჩატეხილი რიტმებით რაღაც კარგი ჰიპ-ჰოპი მოხვდა ყურს, rehim რაღაც და კიდევ ვიღაც, მეტი ვერ გავარჩიე პატარა ეკრანზე მოპირდაპირე კუთხეში. ეგაა, მორჩა, ბოლოჯერ მოვისმინე.

ოთახი საათებთან და მურმანის ნაამბობთან ერთად იცვლება. გაშინაურება სხვა რამეა, ეს იმ ოთახში მოხდა, რომელშიც შეღამებულზე შემოვედით. შპალერის უფრო შემონახული მართკუთხედი კარადად იქცა, იმ ჰორიზონტულ ხაზთან კიდევ ერთი მაგიდა გაჩნდა, კართან იქ ალბათ სარკე და საკიდები იქნებოდა... მერე ისევ აწმყო. კედელს მურმანის უკან, ფანჯრის გვერდით პირველად დავაკვირდი.

ხის ჯვარცმა. პატარა ფოჩებიანი დროშა ამოქარგული ნამგალა მთვარით. ფოტო, ქააბა და მლოცველები მექაში. ღვთისმშობლის ხატი, საკმაოდ ფერადოვანი, ალბათ ევროპული წარმომავლობის. ოქროსფრად სტილიზებული არაბული წარწერა მწვანე ფონზე. ისევ ფოტოები, ორი თუ სამი სულ ოდნავ ჩაცმული შხვართი; ვეება ამერიკული ტრაილერი სტეპებზე გამავალ ცარიელ გზაზე; daf xf95, წლის ტრაილერი 1998...

— ჩემს ცოლს ქრისტე სწამდა, ესენი ამიტომაა — ამ მოზაიკით გაკვირვებულს, სანამ კითხვისთვის სწორ სიტყვებს მოვუყრიდი თავს, თვითონვე მითხრა მურმანმა ღვთისმშობელზე და ჯვარცმაზე ისე, რომ თავი არც მიუბრუნებია. მეტი არაფერი აუხსნია.

რაღაც დრო გავიდა, მოვტრიალდი და ჩემს ზურგს უკანაც შევხედე კედელს. არაფერი, მხოლოდ გახუნებული შპალერი. არა, არა, აი ზევით... ცარიელ კედელზე, საკმაოდ ზემოთ, მხოლოდ ორი მოზრდილი, შავთეთრი ფოტო ეკიდა შუშით და ჩარჩოთი — ქალი და მამაკაცი. — ჩემი მშობლებია — მაშინმე მითხრა მურმანმა. ხმაში ღიმილი ეტყობოდა; არა, რაღაცაზე მეტი დრო გასულა, სანამ მივხვდებოდი და აქეთა კედელსაც შევხედავდი. ეს კედელი მთლიანად მათი იყო. კედელიც და მეტიც.

შუაღამე მოახლოვდა. მურმანი დაწვა. გავიხადე და მეც დავწექი. ალბათ ვიღაც გაუხდელადვე წოლილა ჩემამდე. არც არაფერი მიუცხოვებია, ბოლო-ბოლო, საამისოდ ძალიან ბევრნაირ ზედაპირზე თუ უზედაპირობაზე მძნიებია... თუმცა, მურმანს ჩემი სიმშვიდე თუ უცხოობა სულ არ აინტერესებდა. არც გამოუხედავს, ისე თქვა — რას ვიზამთ, ეგრეა ძმაოო — ყველაფერი მითხრა.

თურმე რა კარგად მძინებია. დღის სინათლემაც კარგახანს არ გამაღვიძა. მურმანმა გამომაცილა და ახლა სვანებმა მიმასპინძლეს. დასვენებული და რაღაც მყარით დამუხტული გავუდექი შეწყვეტილ გზას და ერთიც ვნახოთ, დღე-ნახევრისთვის ნავარაუდევი მანძილი მოვიტოვე უკან: ჯავახეთი, მესხეთი, ზემო აჭარა და იქიდან მთა-მთა გურია. სხვა გზები და ადგილები, სხვა კლიმატი და სეზონი, სხვა ადამიანები და სხვა კედლები... 

არ დამივიწყოო — დამშვიდობებისას მითხრა.

Mar 1, 2021

მირიანი

განსაზღვრული ასაკიდან ადამიანს ახალგაზრდას აღარ ვარქმევთ, თუმცა, სიკვდილი ამასაც ცვლის.

ახალგაზრდა გარდაიცვალაო — ასე ყველაზე ხშირად უბედური შემთხვევით ან გარემოებით დაჩქარებულ, ერთი სიტყვით, უდროო სიკვდილის შემთხვევაში ვამბობთ ადამიანები, რომელიც, დროული სიკვდილისგან განსხვავებით, უფრო ადვილად საცნობი და ძნელად გადასატანია.
⬩⬥
პირველი მანქანა ბაბუაჩემის ნაჩუქარი, მისი ძველი, მოცისფრო „07“ იყო. ამ მანქანის ჩემზე  დიდი გულშემატკივარი და, ამავე დროს, მექანიკოსობის პირველი მასწავლებელი იყო მირიანი, ბიძაჩემი.

მართვის სწავლის დროს დაშვებული შეცდომების, დაუდევრობის, ან, სულაც, თავზე თუ საჭეზე ხელაღებული ტარების შედეგებს მირიანის თაოსნობით ვაგვარებდით და ზოგჯერ კი მანქანის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებასაც ვახერხებდით.

რამდენჯერ ყოფილა, დანარჩენი სამყაროსგან გარაჟის კედლებით ან ორმოს სიღრმით გამოყოფილებს, მანქანის მომდევნო ნაწილის დაშლა-აწყობაში ან შეცვლაში გართულებს აღარც თავი გვენაღვლებოდა, აღარც დრო თუ თარიღი.

არცთუ იშვიათად, მირიანი რომელიმე ნაწილს ახალს ან უკეთესს იშოვიდა — კარის სახელურით დაწყებული, გადაცემათა კოლოფით დამთავრებული. რა თქმა უნდა, ძველი უნდა შეგვეცვალა, მიუხედავად მისი მუშა მდგომარეობისა; დავთქვამდით დღეს და შევუდგებოთით მომდევნო 20წუთიან ან ორდღიან საქმეს.

ისიც უნდა ითქვას, რომ მიზეზებს ამგვარი საქმეებისთვის თვითონ მანქანაც საკმაოდ გვაძლევდა — ბაბუაჩემის ხელში გულდაგულ მოვლილი, მაინც საბჭოთა „გაუშვი, წავა-რა“ წარმოების თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო.

კეთების პროცესში მირიანი მარტო ამ საქმის საგანგებო ან უნებური სწავლებით არ შემოიფარგლებოდა, თავის შეხედულებებსაც უხვად მიზიარებდა სხვადასხვა მანქანის თუ აგრეგატის შესახებ. ზოგადად, ორკარიან მანქანას მანქანად არ ცნობდა, ტენტიან გადახურვას ვერ იტანდა, ავტოგაზის საწვავს კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, მოტო და კვადროციკლები კი ლამის ჯოჯოხეთის მოციქულებად მიაჩნდა...

მრავლისმნახველ „07“-ს როგორღაც „კარლი“ შეერქვა. მასზევე ისწავლა ტარება ჩემმა დამ, ნაწილობრივ ორმა მეგობარმაც.
⬩⬥
მირიანი ახალგაზრდა გარდაიცვალა. ძალზე რთული გზით იარა და ამ პირობებში შეძლო, თავისი დიდი გულის ხსოვნა დაეტოვებინა ოჯახისთვის და სამეგობროსთვის.

წლები გადიოდა. მანქანა მეორეჯერ შევიცვალე. ერთ დღესაც ელდა მეცა, როცა მოულოდნელად გავაცნობიერე, კერძოდ როგორი მანქანა იდგა კოპიტის ჩრდილში: ორკარიანი, ტენტიანი და იმ ხანებში გაზზე მომუშავე. მეტად როგორღა უნდა გამებრაზებინა მირიანი? ელდა ელდად  დარჩა, მანქანაც დარჩა ჩრდილში და არც მინდა, ოდესმე მას შეველიო. მირიანის არ იყოს, მეც კაი თავისნათქვამა ვყოფილვარ.

ამასობაში მოტოც მყავს. გადის ხანი და ჩემი ბიძაშვილი, მირიანის ძმისშვილიც მოტოთია. უცნაურია, მირიანის გაბრაზების საკითხი რატომღაც აღარ მაწვება. დიდი მიხვედრა არ უნდა, ტრანსპორტის საკითხში გადაწყვეტილებას გადაწყვეტილებაზე მიწუნებს რომელია, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა სახელოსნოში თუ შორ გზაზე, მარტო თუ ჩემს ბიძაშვილთან ერთად ტაოტში ამოთხვრილი ხელებით ქანჩს ვატრიალებ, ზუსტად ვიცი მირიანის ერთი გამომეტყველება: ოჯახში ამდენი მოტოს არსებობის გამო გაჯავრების ჩვენებას ცდილობს, თუმცა, ამაში ხელს უშლის ვერდაფარული კმაყოფილების ღიმილი...

Feb 11, 2021

ჩვეულებრივი ბედნიერება


თუშეთში მერამდენედ ვიყავი, მაგრამ წოვათა ნანახი არ მქონდა.

ხათაბალები ჯვარბოსელთანვე მომეგებნენ, როცა ნაადრევად მომიხდა ალაზნის გადაკვეთა.

ის იყო, მუხლამდე წყლიდან წინა ბორბალმა მეორე ნაპირისკენ ამოიწია და ძრავი ჩაქრა. დინებამ მაშინვე დაიწყო უკანა ბორბლის ქვეშ ვითომ მყარი ფსკერიდან ღორღის გამორეცხვა, რის გამოც დატვირთული მოტოს ეს მხარე უცერემონიოდ შეუდგა ჩაყურყუმელავებას. იყო დაქოქვის უშედეგო მცდელობა და უფრო შედეგიანი ჯაჯგურ-ძიძგილაობა, რითაც წონასწორობა დროებით აღდგა, ამან კი ბარგის ყველაზე მძიმე ნაწილის მოძრობისა და ნაპირზე გადაგდების საშუალება მომცა.

ჯაჯგურ-დგაფუნის შემდეგი სესია ახლადგამომცხვარი კარსტული ძაბრიდან უკანა ბორბლის ამოგდებას ეძღვნებოდა. ჯაჯგურის მესამე და თხლაპუნა, ამ დროისთვის საბოლოო სესიამ მოტოს ნაპირამდე ათრევა ითავა.

სველი წინდები და აზრები გვერდიგვერდ მივუფიცხე ივლისის მზეს. თანდათან აიშალა ორთქლი და ფიქრები — რა მოხდა? მოვირგე სამუშაო ხელთათმანები და შევუდექი მათი შიგთავსის ფათურს.

ნახევარი წლით ადრე და ჯვარბოსელიდან ასიოდე კილომეტრით სამხრეთ-დასავლეთით, ზამთრის სიცივისგან გაბეზრებულმა თაგვმა გადაწყვიტა ჯავრი უდანაშაულო რეზინაზე ეყარა. ამჯერად 220 ვოლტიანი სადენის იზოლაციას აღარ დასჯერდა და ბევრად უფრო მაღალი ძაბვის გაშიშვლება გადაწყვიტა. ასეთი კი მთელ გარაჟში მარტო ერთი იყო — მოტოს ბაბინიდან აალების სანთლისკენ მიმავალი სადენის იზოლაცია. თუკი ხსენებული გაბეზრებული არსება ამ აქტს „ჩიბუხის“ ძირთან აღასრულებდა, ნამოქმედარი დიდხანს დარჩებოდა შეუმჩნეველი და უკვდავყოფდა მისი მავნე კბილების ხსოვნას.

ზამთარს გაზაფხული მოჰყვა, თუმცა სითბო თაგვმა ბევრად უფრო ადრე იგრძნო, როცა ჯერ ისევ პატარა ოგის ყბების გავლით მის სტომაქში ამოყო თავიც და კუდიც. ვეფერებოდი ოგის და ის კი არ ვიცოდი, სხვადასხვა საზამთრო შემოწმებებისას მაღალი ძაბვის კაბელზე ნახრავი შეუმჩნეველი მრჩებოდა. თუმცა, მხოლოდ რამდენიმე თვით.

მდინარეები მანამდეც იყო, მაგრამ, ეტყობა, თუშეთის ალაზანს სიღრმის გარდა შხეფების განსაკუთრებული ტრაექტორიაც ჰქონდა, რომლითაც ზუსტად იპოვა სადენზე აწ ქვიშაში განსვენებული თაგვის ნახრავი და ძველი მეგობარივით გადაეხვია. ამ მოულოდნელი უცერემონიობით დაბნეული ძაბვის იმპულსი ვეღარ მიხვდა, აწი საით ევლო — ისევ წვის კამერისკენ, თუ კორპუსზე გადასულიყო მოკლეზე. ეჰო, ჩაიქნია უნაპერწკლოდ დარჩენილმა ძრავმა ფისტონი და ჩაქრა.

ნახრავს გაშრობა ვადროვე, შემდეგ კი დაუნანებლად შევფუთე საიზოლაციოში. გაჟღერდა გავრცელებული შეფასება: „იმუშავებს“.

მდინარის მარცხენა ნაპირზე კი ჯერ არ უნდა გადმოვსულიყავი. ავკრიფე ბარგი-ბარხანა და ისევ დავუბრუნდი იქითა ნაპირს: ამჯერად მეტი დაძაბულობით და ნაკლები დავიდარაბით. იზოლაცია წყალს უძლებდა, თუმცა, დიდხანს მის იმედად მაინც ვერ ვიქნებოდი.

მივედი, სადაც უნდა გადავსულიყავი მარცხენა ნაპირზე. რიგრიგობით წამოიმართა ორი, სხვადასხვა მასშტაბის სირთულე: კალაპოტი უფრო ვიწრო, შესაბამისად, წყალი უფრო ღრმა, დინება კი უფრო ძლიერი იყო. ცოტა მერე კი უარესი — ციცაბო ფერდობზე, სადაც ადრე გზა უნდა ყოფილიყო, კალთა მთელს სიგანეზე ნაშალს ჩამოეფარა: ორი ბორბლით კი არა, ორი ფეხით ჭირდა გავლა.

ასე ვერ მივდიოდი წოვათაში.


უკან დაბრუნება მაინც არ მინდოდა, რამე უნდა მომეფიქრებინა. ყველაზე კარგად ეს სიარულისას გამოდიოდა. მეც გზის დარჩენილ განშტოებას გავუყევი, რომელიც არც ნაშალისკენ მიიწევდა და არც უკან. ასე ვნახე კოკლათა და ვეძისხევი. გზა სადღაც კიდევ მიდიოდა და მეც მივყვებოდი.

„სადღაც“ სერის დაბოლოება აღმოჩნდა. გზა აღარ ჩანდა, სერზე მაინც ივლებოდა. უცებ გავჩერდი. ჯერ ვიგრძენი, მერე მივხვდი, რომ ძალიან კარგ ადგილზე ვიყავი და აქედან სადმე წასვლა აღარ მინდოდა. სიმაღლის მიუხედავად, თხემიდან ჩრდილოეთისკენ, ალაზნისკენ ფიჭვნარევი არყის ტყე ეშვებოდა. სამხრეთის ფერდობის თავში, ზედ თხემთან, ამ ტყის ნაპირას გავშალე კარავი.

კარვიდან თუშეთის ალაზნის მშობელ მთებს ვხედავდი. როცა შეშის მოსაგროვებლად თხემს გავუყევი, უცებ წოვათაშიც ჩავიხედე: არცთუ ისე ახლოს, მაგრამ გამოჩნდა ინდურთა, ეთელთას წყვილი კოშკი, ვეება კლდეები და დაკლაკნილი წოვათისწყალი.

ასე ვნახე პირველად წოვათა, როცა დავიდარაბების შემდეგ ჯერ ამ საოცარმა ადგილმა მიმიზიდა და ბედმაც გულიანად გამიღიმა.

არ მახსოვს, რა წავიკითხე, რით ვივახშმე, რამდენხანს ვუსმენდი მუსიკას თუ ღამის ხმებს, ან როდის დავიძინე. მახსოვს უსახელო ადგილი ივლისის თბილი მზის ქვეშ, ცეცხლი, ფიჭვების რბილი შრიალი, მთვარე, კამკამა ცა და განცდა, რომელიც მას მერე ბედნიერების განმარტების მაგივრობას მიწევს.

Feb 5, 2021

გზის მდინარება ბორბლებქვეშ

ცოტა რამაა ამაზე კარგი.

ძრავის გუგუნს ჰაერის შხუილი ერთვის და ყველაფერი, ჩავლილი და მომხდარი, უკან და უკან ინაცვლებს.

სუნთქვა და სისხლის მოძრაობა ამ დროს ხან მცირედით, ხან ბევრით, მაგრამ აუცილებლად ყოველთვის უფრო ძლიერი და ხშირია.

ჰორიზონტი იზრდება, ქრება, ჩნდება, ახლოვდება, იცვლება, ისევ იზრდება...

გარედან მიწით, ჰაერითა და წყლით შემორტყმული, შიგნიდან კი ცეცხლით მოცული, უწყვეტად იცვითება ყველაფერი — რეზინა, რკინა, პლასტმასი, საღებავი, ტყავი, კანი, შიგა ყურში მოლივლივე გარე სტერეოსილიები... ზოგი რამ კიდევ აღდგება, ზოგი — ვეღარ.

გზა არ ილევა. რამდენ ხანს ვეყოფით...

დანის პირი მახსენდება — რაც არ უნდა მტკიცე იყოს, მასზე სალ და მტკიცე ვოლფრამზე იცვითება და ილესება. ცოტა მოუზომავი მოძრაობა, ოდნავ არასწორი დახრა და ლესვას ნგრევა ცვლის. მერე ყველაფერი თავიდან — ისევ ცვეთა, ცვეთა და ლესვა. ვოლფრამს კი არაფერი ემართება, ყოველთვის უთვალავ დანის პირს დაანგრევს ან ალესავს.

არჩევანი რახანია, გაკეთებულია: მომხდარიყო ისე, რომ არჩევანი თავისთავად, დაუფიქრებლად ამხდარიყო; ისე, რომ რა ბიძგი როდის მოხდა, ესეც გაუგებარად დარჩენილიყო. უბრალოდ — მოხდა. ეს ხმა ახალი ენის უკვე ნაცნობი ჟღერით ისმის, რომლითაც გზა, როგორც დედამიწა, ძლიერად და უპირობოდ იხმობს ადამიანს.

გზის მდინარება ბორბლებქვეშ.